თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდები რაგბიში ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
მატჩი 14 მარტს „დინამო არენაზე" გაიმართება და ორივე ნაკრებისთვის ეს ამ ტურნირის დასკვნითი შეხვედრა იქნება.
რუსეთის ნაკრების გარდა, ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის ბრძოლაში ქართველი მორაგბეების მეტოქეები იქნებიან რუმინეთის, ესპანეთის, ბელგიისა და პორტუგალიის გუნდები.
ტურნირზე საქართველოს ნაკრები, კენჭისყრის შედეგებით შედგენილი განრიგის მიხედვით, სამ მატჩს სახლში და ორ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი 2020 წლის ერთა თასის გათამაშებაში:
- საქართველო-რუმინეთი – 2 თებერვალი, თბილისი, „დინამო არენა"
- ესპანეთი-საქართველო – 9 თებერვალი, მადრიდი, „კამპო ცენტრალი"
- საქართველო-ბელგია – 22 თებერვალი, ქუთაისი, „აია არენა"
- პორტუგალია-საქართველო – 7 მარტი, პარიზი, „სტად ჟან ბუენი"
- საქართველო-რუსეთი – 14 მარტი, თბილისი, „დინამო არენა"
საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის მოქმედი გამარჯვებულია. ქართველმა ბორჯღალოსნებმა ტურნირი 11-ჯერ მოიგეს, რაც აბსოლუტური რეკორდია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო>>
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები რაგბიში ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ. რუსეთმა ერთადერთხელ გაიმარჯვა ქართველ მორაგბეებთან, ერთხელ ფრედ დასრულდა თამაში, დანარჩენ შემთხვევებში კი შეხვედრები საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.