თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მარიამ კუბლაშვილი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს, იხსენებს 26 დეკემბრის საბედისწერო ღამეს. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ ამ თემაზე წიგნის გამოცემას ფიქრობს.
ადვოკატის თქმით, ზუსტად იცის, რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. მას ხელში ტელეფონი ეჭირა და უკანასკნელ წამს ჩაესმოდა მელოდია ფილმიდან „მაპატიე სიყვარულისთვის“.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. 4 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე, რომელმაც ოჯახს საქმის პირად კონტროლზე აყვანის პირობა მისცა, დეტალურად განიხილეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და იმ სპეცრაზმელთა დასჯას მოითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში არიან დამნაშავენი. წინააღმდეგ შემთხვევაში დუისელები საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან თბილისშიც.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.
დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.