თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკადრო ცვლილებების მიხედვით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე კი გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.
თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ მან მუშაობა სამხედრო ოპერაციების მომზადების ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო. საქართველოს გარდა, სამხედრო განათლება მიღებული აქვს კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც.