თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და ორი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. დედაქალაქის მერმა 2019 წელს განხორციელებულ და მომავალ წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით თბილისის მერიამ განახორციელა.
უწყების ცნობით, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 21 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც, მერიის ინფორმაციით, წინა წლის ბიუჯეტს 91 მლნ-ით აღემატება. მასში სოციალური საჭიროებებისთვის 317 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო 430 მილიონამდე – ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა და განვითარება, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება,კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
„თბილისის 2020 წლის ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც თბილისის მთავრობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. მომდევნო წელსაც დედაქალაქის მთავრობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხებად რჩება”, - განაცხადა საკრებულოს თავმდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
სხდომას დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი თქმით, ბიუჯეტის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს.