თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019 წლის ყველაზე ეფექტური იპონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი სპორტსმენის გდებაც აღმოჩნდა.
ტოპ-ოცეულის მე-16 პოზიციაზე გელა ზაალიშვილის იპონი აღმოჩნდა. ზაგრების გრან-პრიზე ქართველ ძიუდოისტს ოქროს მედალი მოუტანა ეფექტურმა გდებამ, რომელიც მან იაპონელ სპორტსმენს ჰისაიოში ჰარასავას ჩაუტარა. მანამდე ზაალიშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი და ბაქოში „დიდი სლემის“ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ზაგრების ტურნირი ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ზაალიშვილის (+100 კგ) მედლის გარდა, საქართველოს ნაკრებს ოქრო მოუტანა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ). გარდა ამისა, ბრინჯაო აიღეს ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ლევან მათიაშვილმა (+100 კგ).
რაც შეეხება ტოპ-ოცეულის პირველ სამეულს, ლიდერებს შორის არიან სპორტსმენი ისრაელიდან, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი საგი მუკი, ძიუდოისტი ქალი კოსოვოდან დისტრია კრასნიკი და სამხრეთკორეელი ძიუდოისტი კვაკ დონგანი.