თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხე ყველას არ მოეწონა.
თბილისის მერს კახა კალაძეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია – ნამდვილად მილიონი დაჯდა თუ არა ეს ნაძვის ხე და აუცილებელი იყო თუ არა მისი მილანიდან ჩამოტანა.
„ეჭვი გეპარებათ? ულამაზესია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან და არა ის, რაც წლების განმავლობაში „ნაძვისხე–ხუფის“ სახით გვქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი. და, ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის ვეცდებით ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", – განაცხადა კალაძემ.
ღიად ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს მთავარი ნაძვის ხის მიმართ ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებმა. მათ მოედანზე სასუქი მოიტანეს იმ მინიშნებით, რომ ნაძვის ხეს 31 დეკემბრამდე გაზრდა სჭირდება. ამან მერიის თანამშრომლები გააღიზიანა, შედეგად მცირე კონფლიქტიც მოხდა მათ შორის.
„ამ სასუქს ახლა დავუტოვებთ კალაძეს. იმედია, დაასხამენ ნაძვის ხეს და 31 დეკემბრამდე გაიზრდება ეს ნაძვის ხე, იმიტომ რომ მილიონი ლარის ამ ნახევარ ხეს არაფერი ეტყობა", – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბრის საღამოს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა.
მოედანზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხე აინთო, გაიმართა კონცერტი. ცაზე სალუტების ზალპები გამოჩნდა. შთამბეჭდავი ფეიერვერკი ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ჩანდა.
ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად წელს მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.
ბათუმში ნაძვის ხე აღარ აანთეს და კონცერტიც გააუქმეს>>
ახალი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, დედაქალაქს 304,8 ათასი ევრო დაუჯდა, ხოლო მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები – 525 ათასი ევრო.