თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გამოავლინა – დანაშაულში მხილებული პირები პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ნარკოტიკებით ვაჭრობა Telegram-ის საშუალებით ხდებოდა.
„თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება. დაკავებული არიან საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთისა და რუსეთის მოქალაქეები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას სხვადასხვა ადგილზე მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელიც არის ახალი და პოტენციურად საშიში სინთეტიკური ნარკოტიკი.
აღნიშნული „საქონლის“ ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 6 მლნ ლარია.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა განახორციელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ-აპლიკაცია Telegram-ში შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას და რეალიზაციას ახდენდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.