თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
მამაკაცს ვედრო, რომლითაც მიწა ამოჰქონდათ, თავზე დაეცა. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
„ჭის მწმენდავები მუშაობდნენ. ვედროს სახელური მოსწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა. ეს ხალხი სოფელში სულ დადის და ჭებს წმენდს, გუშინაც მუშაობდნენ აქვე სამეზობლოში. ასეთი ტრაგედია დატრიალდა, სამწუხაროდ. ექსპერტები წინასწარი მონაცემებით ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა", – განაცხადა ბესო ერემაძემ, რომლის ეზოშიც მოხდა აღნიშნული უბედური შემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ნიკა ლატარია