ვირთხის წელიწადი 25 იანვარს დადგება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანები ახალ 2020 წელს ისე შეეგებებიან, რომ მისი კეთილგანწყობა დაიმსახურონ.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ვირთხის წელიწადის სწორად შეხვედრის, კერძებისა და ფერების, ასევე ამა თუ იმ ნივთების შერჩევის წესებს.
როგორ შევხვდეთ სწორად ვირთხის წელიწადს
დამდეგი ახალი წლის დიასახლისის ღირსეულად დასახვედრად საჭიროა სახლის წინასწარ მილაგება და უსარგებლო ნივთების, მათ შორის, ძველი ტანსაცმლის, დამტვრეული ავეჯისა და დაბზარული ჭურჭლის გადაყრა. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ვირთხა ფრთხილი ცხოველია და უყვარს დაგროვება. ამიტომ ნივთები სიფრთხილით გადაყარეთ.
მნიშვნელოვანია ახალი წლის შესახვედრად ბინის მომზადებაც – თეთრ ვირთხას უყვარს ნათელი ფერები და ყველაფერი, რაც ბრწყინავს. ნაძვის ხის კაშკაშა სათამაშოები შეცვალეთ თეთრი ბაფთებით და ხელოვნური თოვლით. ოთახები მორთეთ თეთრი სანთლებით, ფიფქებით, ვერცხლისფერი და ოქროსფერი გირლანდებით, ვირთხის ფიგურებით და ა.შ. მაგრამ ნუ გადაამლაშებთ.
რაც შეეხება ვირთხის ახალ წელიწადთან შეხვედრისთვის სამოსის შერჩევას, ის ელეგანტური და მოზომილი უნდა იყოს. 2020 წლის მფარველს ასიამოვნებთ, თუ აირჩევთ თეთრ, ჩალისფერ, კრემისფერ და სხვა ნაზ ფერებს, ასევე მეტალიკის ფერის სხვადასხვა ელფერს: ვერცხლისფერს, ნაცრისფერს, შავს. დასრულებული იმიჯისთვის შეიძლება მეტალის აქსესუარებისა და მოსართავების გამოყენება.
ახალი წლის ღამეს არ გირჩევთ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა გამოსახულებიანი ტანსაცმლის ჩაცმას. ცუდი ნიშანია ნაძვის ხეზე ლეოპარდების, ვეფხვებისა თუ კატების ფიგურების ჩამოკიდება, რადგან ამან შეიძლება 2020 წლის მფარველი თეთრი ვირთხა დააფრთხოს.
ვირთხის წელს მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს. 2020 წლის მფარველს უყვარს ჭამა და საზეიმო სუფრაზე ეკონომიის გაწევა არ ღირს. ამ მხრივ შეზღუდულები არ ხართ – შეიძლება ყველანაირი კერძის მომზადება, იქნება ეს ხორცის, ყველის კერძები, სალათები თუ სხვ.
ვირთხა უპირატესობას მსუბუქ ღვინოს, შამპანურს, კოქტეილებს ანიჭებს. ახალი წლის ღამეს მოერიდეთ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს.
ვირთხის ახალი წლის შეხვედრა კარგია ოჯახურ წრეში, რადგან ვირთხა გუნდური ცხოველია. წლის მფარველი ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს მხიარულება და დიდი კომპანია.
ზოგადად კი, ლიბერალური ვირთხა გიტოვებთ არჩევანის თავისუფლებას – სად და ვისთან ერთად შეხვდეთ ახალ წელს. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ვირთხა ვერ იტანს ქარაფშუტობას და უსაფუძვლო ფლანგვას.
ნიშნები
წარმატებისა და ბარაქის მოსაზიდად ვირთხის წელიწადის სწორად შეხვედრაში ნიშნები დაგეხმარებათ. იმისათვის, რომ ვირთხის წელიწადში ოჯახი ფულის გადინებისგან დაიცვათ, ახალი წლის ღამემდე უნდა გამოკეროთ ყველა გარღვეული ჯიბე, ხელთათმანი, წინდა და სხვ.
ლითონის ვირთხის ფიგურა საზეიმო სუფრის ცენტრში – კარგი ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ ოჯახს მთელი წელი ბარაქა არ მოაკლდება.
კარგი ნიშანია ნაძვის ხეზე კანფეტების, თხილის, მონეტებისა და ბანკნოტების შებმა – ვირთხის წელი ასეთი მორთულობების წყალობით ოჯახისთვის უხვი იქნება.
სახლში უბედურება და სიღარიბე რომ არ შევუშვათ, ზღურბლსა და ფანჯრის რაფებზე მარილი უნდა მოვაფრქვიოთ. არ დაგავიწყდეთ მარილის სუფრაზე მიტანა.
სახლში ფულის მოსაზიდად კარგი ნიშანია ერთი ბოკალი შამპანურის დალევა შიგ ჩადებული ვერცხლის მონეტით. მონეტა შემდეგ საფულეში უნდა ჩადოთ და მთელი წელი შეინახოთ.
ქეიფის შემდეგ ცარიელი სუფრის დატოვება ცუდის ნიშანია. უბედურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მაგიდაზე ტკბილეულისა და ხილის დატოვება.