მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძრის ათი აქტიური კერაა

© photo: courtesy of Emergency Departament 112ხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ტყის ქვედა საფარის ხანძრის ათი აქტიური კერაა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახსა და ფოთლებს.

კერძოდ, სომხეთ-საქართველოს საზღვართან, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

სახანძრო - Sputnik საქართველო
გურიაში, სოფელ მამათთან ხანძარია

ქვემო ქართლში, უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მარნეულში, სოფელ ახკერპში ტყის ქვედა საფარი იწვის. უწყების ცნობით, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თიანეთში, სოფელი ჩაბანოში ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დუშეთში, სოფელ ახალ ტონჩასთან ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ასევე წალენჯიხაში, სოფელ მუჟავასთან იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეხანძრეები - Sputnik საქართველო
შუახევში სამი სახლი დაიწვა

მარტვილში, სოფელ ბალდში ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ვანში, სოფელი ძულუხში დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცაგერში, სოფელ საირმესთან ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

რაც შეეხება ლანჩხუთს, სოფელ მამათთან გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებსა და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„ცხელი ზაფხულის შემდეგ საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მსგავს შემთხვევებში სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს და კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა.

ყველა ახალი ამბავი
0