თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის კონსტრუქციის გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულმა საბალეტო დასმა ჩინეთში "გედების ტბა" წარმოადგინა >>
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერის რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა, მაგრამ, რადგანაც რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.
„2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება.
ოპერის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. სარესტავრაციო პროცესს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა. გამაგრდა საძირკველი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა თეატრის ინტერიერის მოხატულობა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გადიდდა საორკესტრო ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი.
განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა.