თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარიულმა კომპანიამ Allseas ბალტიის ზღვიდან გაიყვანა ხომალდები, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე მუშაობდნენ, იუწყება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Bloomberg.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი აშშ-ის მიერ შაბათს რუსული გაზსადენის მიმართ დაწესებული სანქციები გახდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში უარი თქვეს კომენტარზე, თუ რა ვადითაა გადადებული პროექტი.
მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები ძალაში შევიდა. ამის პასუხად კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, მუშაობა შეაჩერა და ამერიკის ხელისუფლებისგან განმარტებას ელოდება.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება.
პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგი არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტულია, და მიუთითებდა, რომ ის არ ითვალისწინებს რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტას.