თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი ლარი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.