თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ქორეოგრაფმა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩერტკოევმა მეგა-შოუს წლევანდელი სეზონი გააკრიტიკა.
„ჭკუამკვდარ წლევანდელ „ტვ იმედის“ ჯგუფს ვუსამძიმრებ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარდაცვალების გამო. იდიოტები“, – დაწერა ჩერტკოევმა სოციალურ ქსელში.
შემდეგ კი თავისივე სტატუსის ქვეშ კომენტარიც მიაწერა: „იმდენად უნიჭოები არიან, რომ მეტი ეხარჯებათ და თან გაასწორეს მიწასთან ჩემი 2012 წლიდან ნამუშევარი, რაც ჩემი საჩუქარი იყო საქართველოსთვის. 7 წელია ვასწავლი, როგორ გააკეთონ გოჩას და შორენას გარეშე, მაგრამ მაინც უნიჭო კომუნისტი გრუზინები არიან. არა მგონია ოდესმე მოვიცალო ისევ „იმედი ტვ“-თვის“.
როგორც კომენტარებში ჩერტკოევი წერს, წელს შოუსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.
წელს პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები გახდნენ მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.
საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ. „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.