ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის 29 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მაინც რჩება.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პოლიციელი ოთარ თავართქილაძე მოინახულა, რომელიც ორი დღის წინ დაჭრეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი ბათუმში 18 დეკემბერს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქუჩაში უცნობმა მამაკაცმა გააჩერა. მას შემდეგ რაც პოლიციელი ოთარ თავართქილაძე ავტომობილიდან გადავიდა, მამაკაცმა ის დანით დაჭრა. თავდამსხმელი თავართქილაძის მეწყვილემ დააკავა. 

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პატრულის დაჭრა. მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება, ასევე მოქალაქე მიეხმარა და დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მოჰყვა საავადმყოფომდე“, – აღნიშნა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

ექიმების ინფორმაციით, თავდასხმის დროს პოლიციელმა ორი ჭრილობა მიიღო – ერთი ყელის, მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, კისრის არეში მიყენებული ჭრილობა კი საკმაოდ ღრმა იყო. პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, ამ დროისთვის 29 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მაინც რჩება.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაური დღეს შეხვდა თავართქილაძის მეწყვილეს და ინციდენტის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „პოლიციელზე თავდასხმის" მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0