თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პოლიციელებმა ადვოკატ მამუკა შაქარაშვილს წაართვეს ტელეფონი, სცემეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მაგრამ მოსამართლემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მისმა კოლეგამ ალექსანდრე კობაიძემ Facebook-ზე ვიდეოჩართვისას.
კობაიძის თქმით, ინციდენტი ქალაქ რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„მას წაართვეს ტელეფონი, დაადეს ხელბორკილები, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოში თბილისში ჩამოიყვანეს", – განაცხადა კობაიძემ TV Pirveli-ს ეთერში.
მისი თქმით, ამას წინ უძღოდა პოლიციელებსა და შაქარაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც იმ დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ადვოკატი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მაგრამ რა ედებოდა მას ბრალად, კობაიძეს არ დაუზუსტებია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ სასამართლომ პოლიციის არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და შაქარაშვილი გაათავისუფლა.
შაქარაშვილი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.
კობაიძის განცხადებით, ეს პოლიციის მხრიდან ადვოკატზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.