თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. მსოფლიოს ხალხთა ცეკვები შეასრულა პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ექვსმა კონკურსანტმა. ამჯერად ჟიურის მოწვეული წევრი იყო მშვენიერი სოფო შევარდნაძე.
„Sputnik-საქართველო“, ტრადიციისამებრ, ხუთ ყველაზე ცეცხლოვან ცეკვას წარმოგიდგენთ.
იაპონია
იაპონური ცეკვა მაყურებელს ნათია ჩარკვიანმა და იაკობ ყუფუნიამ წარუდგინეს. ნომერი განსაკუთრებული სილამაზითა და ორიგინალობით გამოირჩეოდა: ნათია ნამდვილი იაპონელის ამპლუაში მოგვევლინა.
წყვილის გამოსვლა ეფექტური აღმოჩნდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტექნიკურადაც. ეს ჟიურის ყველა წევრმა აღნიშნა.
არგენტინა
ურთულესი ქორეოგრაფია აჩვენეს ანკა ვასაძემ და ოთო ფოლადაშვილმა. წყვილმა შეასრულა ტანგო, რომელშიც ანკამ ყინულის როლი მოირგო, ოთომ კი - ცეცხლის.
ვნებიანი ცეკვის დასრულებისას დარბაზი დიდხანს უკრავდა ტაშს გამომსვლელებს, ჟიურის წევრმა ირაკლი მაქაცარიამ კი ცეკვას იდეალური უწოდა.
ავსტრია
დავით თარგამაძემ და ჯულიანა ბარგნარმა ვენური ვალსი იცეკვეს. ჟიურიმ, რომელიც აღაფრთოვანა მათმა ჰაეროვანმა და დახვეწილმა ნომერმა, აღნიშნა, რომ დავითი იყო ერთ-ერთი იმ მცირეოდენ შემსრულებელთა შორის, რომელმაც სრულყოფილად შეასრულა ვალსის ყველა რთული ელემენტი.
აშშ
გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ მაყურებელს ქანთრი წარუდგინეს. წყვილმა შესანიშნავად შეძლო ვესტერნის განსაკუთრებული ხასიათის გადმოცემა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სოფო შევარდნაძემ აღნიშნა, წყვილისგან ელოდება, რომ მათი მომდევნო ნომერი ქორეოგრაფიულად უფრო რთული იქნება.
ინდოეთი
მართლაც ცეცხლოვანი და პოზიტიური ცეკვა შეასრულეს ნოდარ სიმსივემ და მისმა პარტნიორმა მზია ორველაშვილმა.
კონკურსანტებმა მაყურებელს ინდური ცეკვა წარუდგინეს. მცირედი ხარვეზების მიუხედავად, სანახაობა მაინც ეფექტური გამოდგა.
სამწუხაროდ, მაყურებელთა შედარებით ნაკლები ხმა მოიპოვა მაგდალენა ჯოხაძისა და ლევან ახვლედიანის წყვილმა, რომელსაც პროექტის დატოვება მოუხდა.