თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის იბრძოლებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის გამართვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომელსაც თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია და არეულობა (20-21 ივნისი) მოჰყვა თან - მიზეზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის გამოჩენა გახდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოდის.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა ადამიანმა გამოთქვა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, განაცხადები შეიტანეს ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა.
მოთხოვნების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სამწლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველ თანამდებობაზე.
ქუცნაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ 21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის მეორე დღესვე განაცხადა - მას დეპუტატის უფლებამოსილება სექტემბრის დასაწყისში შეუწყდა.
20 ივნისის საღამოს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და მედიის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნის და შექმნილი რთული ვითარების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პარლამენტში გავრილოვის გამოჩენაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.