ჯერ ახალ ვარსკვლავებს ვერ ვხედავ – გაფრინდაშვილმა ქართული ჭადრაკის მომავალზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს ქალაქებში რომ გაგესეირნათ და 10-12 წლის გოგონებისთვის გეკითხათ, ვინ უნდოდათ გამოსულიყვნენ, უმეტესობა წამოიძახებდა: „ნონა გაფრინდაშვილი“

ნონა გაფრინდაშვილი იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ ჭადრაკი წამყვან და პრესტიჟულ სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ მაშინდელ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა სივრცეში. ჭადრაკით გატაცება კარგ ტონად მიიჩნეოდა, ამიტომ წრეებზე რიგები იდგა. ნონა გაფრინდაშვილის გროსმაისტერობით მსოფლიოს საჭადრაკო სივრცეში არაერთი ქართველი ვარსკვლავი დაიბადა.

წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეიძლება 78 წლის ასაკში არ ჩამოუვარდებოდე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს და მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვებდე. თუმცა ჩვენს გმირს ეს მარტივად და ბუნებრივად გამოსდის. ლეგენდარულ წარსულსა და ჭადრაკის მომავალზე ნონა გაფრინდაშვილი „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა.

- ქალბატონო ნონა, გაგვიმხილეთ საიდუმლო - როგორ ახერხებთ ასეთი მოქნილი მეხსიერების შენარჩუნებას და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატების ერთიმეორის მიყოლებით მოგებას?

- არავითარი საიდუმლო არ არსებობს, უბრალოდ ჭადრაკი მიყვარს. ვალაგებ ბარგს და მივემგზავრები შეჯიბრზე, რადგან არ შემიძლია ჭადრაკის გარეშე ცხოვრება. ეს ჩემი სამყაროა, მე ის მიყვარს... ბევრი მოჭადრაკე მონაწილეობს ტურნირში მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლია ჭადრაკის გარეშე ცხოვრება. ეს ერთგვარი ცხოვრების სტილია. ეს სამყარო - ჭადრაკის სამყარო - განსაკუთრებულ შეგრძნებებს ბადებს. ვიდრე ჩემი გონება მუშაობს და არ ითიშება, ვითამაშებ.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკს იქამდე ვითამაშებ, ვიდრე ტვინი არ გამეთიშება

ნონა გაფრინდაშვილის თაობა მართლაც საოცარია. დღეს მოჭადრაკეები ნებისმიერ თავისუფალ წუთს იყენებენ და კომპიუტერთან გარბიან, რათა სვლები გათვალონ. მაგრამ ორმოცი წლის წინ ყველა შესაძლო კომბინაციის გათვლა ჭადრაკის დაფასთან, მხოლოდ საკუთარი გონებით შეიძლებოდა. გონება ასობით შესაძლო ვარიანტსა და შეცდომას ითვლიდა. ტყუილუბრალოდ ხომ არ ითვლება ჭადრაკი ყველაზე ინტელექტუალურ სპორტის სახეობად.

- დღეს სულ უფრო ხშირად იყენებენ ნორჩი და ზრდასრული მოჭადრაკეები გაჯეტებს სვლების გამოსათვლელად. თქვენი აზრით, რას უქადის კომპიუტერული ერა ჭადრაკს?

- ჩვენს დროში მოჭადრაკეები უფრო ღრმად იცნობდნენ და აანალიზებდნენ თვით პროცესს, ითვლიდნენ ყველა სვლას. საერთაშორისო ოსტატები პიროვნებები იყვნენ. კომპიუტერის გამოყენება საჭიროა ინფორმაციისთვის, ტექნიკური პოზიციებისთვის. კომპიუტერები მოჭადრაკის შემოქმედებას ხელს უშლის, ეს ხომ უბრალოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა. ჩვენს მოჭადრაკეებთან მუშაობის დროს, ტურნირებისა და ოლიმპიადების წინ, ყოველთვის ვთხოვ მათ, გაატარონ თავისუფალი დრო ჭადრაკის დაფასთან და ფიგურები ხელით გადასვან, არ უყურონ ეკრანს.

ვესაუბრები ბავშვების მშობლებს, თავად ბავშვებს, ვთხოვ მათ, არ გაატარონ დიდი დრო კომპიუტერთან. კომპიუტერი მოჭადრაკეების თამაშს აღარიბებს. ისინი აღარ აზროვნებენ კომპიუტერის გარეშე, საკუთარ თავს ჩარჩოში სვამენ.

- თქვენ ხართ მოჭადრაკე, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია. თანაბარი ძალით ეთამაშებით ორივე სქესის წარმომადგენლებს. ხომ არ დადგა მამაკაცთა და ქალთა ჭადრაკის სპორტის ერთ სახეობად გაერთიანების დრო?

- იმდენი ნერვები, რამდენიც ჭადრაკის თამაშზე იხარჯება, სპორტის არც ერთ სხვა სახეობაში არ არის საჭირო. ზოგიერთი პარტია ხუთ საათს გრძელდება. სპორტსმენებისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური სიმტკიცე, გამძლეობა, რკინის ნერვები, ზოგჯერ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. საჭიროა ყველა კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ჩემპიონი ვერ გახდება. მამაკაცები უფრო ორიენტირებული არიან ხანგრძლივ ბრძოლაზე, ქალები უფრო მეტად იმპულსურები არიან. მამაკაცებს ზოგჯერ უფრო მარტივად შეუძლიათ თამაშზე კონცენტრირება და მრავალრიცხოვან ტურნირში მონაწილეობა. ქალებს დამატებითი საზრუნავი აქვთ ოჯახის, ორსულობის, ბავშვების სახით. ეს ყველაფერი ბიოლოგიური ფაქტორებია, რომელთა გამოც მუშაობის ინტენსიურობა მცირდება.

© Sputnik / Vladimir UmikashviliЛюди уже не мыслят вне компьютера - Нона Гаприндашвили о будущем шахмат
ჯერ ახალ ვარსკვლავებს ვერ ვხედავ – გაფრინდაშვილმა ქართული ჭადრაკის მომავალზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
Люди уже не мыслят вне компьютера - Нона Гаприндашвили о будущем шахмат

როგორც ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, თავის დროზე ქართველმა მოჭადრაკეებმა იმდენად მაღალი თამასა დააწესეს, რომ ახლა ძალიან რთულია მასთან გათანაბრება. საქართველოს ნაკრებში არიან კარგი მოთამაშეები, მაგრამ არ არიან იმ მასშტაბის ვარსკვლავები, რომლებიც ყველა პარტიას იგებენ.

- საქართველოს დღევანდელ ნაკრებზე რას იტყვით? იქნებ არიან მოზარდებს შორის მომავალი ნონა გაფრინდაშვილები ან მაია ჩიბურდანიძეები?

- ჩვენ მოჭადრაკის გვირგვინს მრავალი წლის განმავლობაში ვატარებდით. ალბათ ეს ღვთის ნებაც იყო. ჩვენმა ნაკრებმა ძალიან მაღალი თამასა დააწესა. ბევრი ქვეყანა ოცნებობს ისეთ შედეგზე, როგორიც საქართველოს დღეს აქვს, მაგრამ ჩვენთვის ეს არასაკმარისია. ჩვენ გვყავს ნანა ძაგნიძე, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ყოველთვის სტაბილურად ვერ თამაშობს. რაც შეეხება ახალ თაობას, 14-15 წლის ახალგაზრდებს, კონკრეტული გვარების დასახელება გამიჭირდება. ზოგჯერ გავიფიქრებთ ხოლმე, რომ გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დონე ეცემა, არ გვაქვს საჭირო შედეგები.

როგორც ნონა გაფრინდაშვილი ფიქრობს, განსაკუთრებული ყურადღება ჭადრაკს სკოლიდანვე უნდა ეთმობოდეს. ბავშვებს თამაშის სიყვარული უნდა ჩაუნერგონ, მაგრამ ეს ფაკულტატიურად უნდა ხდებოდეს, რათა უბრალოდ მიმართულება მისცე და განავითარო, ასწავლო გაანალიზება და აზროვნება. საქართველოში ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. ჭადრაკის მიმართ ინტერესი თანდათანობით ბრუნდება...

ვინ იცის, იქნებ 10-15 წლის შემდეგ საქართველოში გამოჩნდეს ახალი ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე ან ნანა ალექსანდრია. ჯერჯერობით კი ჩვენ სუნთქვაშეკრული ველოდებით მომავალ ვარსკვლავებს. ნონა გაფრინდაშვილი კვლავ შეკრავს ბარგს და გაემგზავრება საქართველოსთვის მორიგი ოქროს მოსაპოვებლად. „ჭადრაკის ოსკარის“ მფლობელი ხომ ამბობს: „ჭადრაკს ვითამაშებ, ვიდრე გონება არ გაითიშება“.

 

ყველა ახალი ამბავი
0