რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გამოწერა
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში ჯერ კიდევ 8 ნოემბერს დაიწყო.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) 18 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში გადაიკეტება.

მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით ერთი თვეა ახორციელებს.  დედაქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრისთვის თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და საახალწლო ბაზრობის გახსნით დასრულდება.

თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
ილუმინაცია და ნაძვის ხე: თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

წელს თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირისა და რესტავრირებული ორბელიანის მოედნის გალამაზება ახალი დიზაინითა და ილუმინაციით გადაწყვიტა. ის განათება, რომელიც წინა წელს გამოიყენეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში გადანაწილდა.

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში.

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი". შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0