ქართული ლეგენდები: ამბავი თამარის მიმინოსი, მოღალატე ცოლისა და შავ-თეთრი არაგვისა

© Pixabayფრთოსანი რაში
ფრთოსანი რაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერი ხალხის ფოლკლორში არაერთი ლეგენდა არსებობს, რომლებსაც საფუძვლად ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი უდევს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ ადამიანები დასავიწყებლად ვერ იმეტებენ.

ვანო სულორი

დღეს რამდენიმე ქართულ ლეგენდას გაგაცნობთ.  

თამარ მეფე და გორელი ჭაბუკი

გორის ციხეზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ლეგენდის მიხედვით, თამარის დროს ეს გორა ერთგვარი კუნძული იყო მტკვრის, ლიახვისა და მეჯუდის წყლებს შორის. იმ ადგილზე, თურმე, საშინელი მორევი იყო, გარშემო უღრანი ტყეებით შემოსილი. 

Книги на полке - Sputnik საქართველო
ევროპული ლეგენდების გმირი მეფე დავით აღმაშენებელი და დიდგორით გადიდგულებული ქართველები

ერთ დღესაც ჯერ ისევ გასათხოვარი თამარ მეფე მიბრძანებულა სანადიროდ და დაბანაკებულა გორის მთაზე. მონადირეები ტყეში გაფანტულან ნადავლის მოსაპოვებლად და მცირე ხნის შემდეგ დიდძალი ნანადირევით დაბრუნებულან. მრავლად დაეხოცათ ღორი, ირემი, ხოხობი და სხვა. ეგ იყო, თამარის საყვარელი მიმინო არ ჩანდა არსად. დაუწყიათ ძებნა და მიმინო ბორცვზე შეუნიშნავთ. თამარს უბრძანებია, ვინც მიმინოს მომიყვანს, რასაც მთხოვს, ავუსრულებო.

მეფის წინაშე თავმოწონების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მორევი ისე ღელავდა თურმე, რომ ვერავინ ბედავდა თავის გადადებას. მაშინ მოულოდნელად ვიღაც ჭაბუკი გამოყოფია ხალხს, თავი დაუკრავს თამარისთვის და გადაშვებულა მორევში. მიუცურავს ბორცვამდე, მიმინო დაუჭერია და უკან გამობრუნებულა.

ის იყო, ფეხი უნდა დაედგა ნაპირზე, მაგრამ მორევს დაუთრევია და ფსკერზე ჩაუტანია გამბედავი ჭაბუკი.

თამარის ბრძანებით ტბა-მორევიდან, რომელსაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა, წყალი მტკვრისკენ გადაუქაჩავთ, დაუწრეტიათ და იმ ბორცვის თავზე გორის ციხე აუგიათ. 

„რაღას მაწვალებ, დამკალი!“

ლეგენდის მიხედვით, სამხრეთ საქართველოს ყიზილბაშები შემოსევიან. მტრის ლაშქარი თმოგვის ციხის მიდამოებში დაბანაკებულა. მესხები მიუვალ მთებსა და აუღებელ ციხეში გამაგრებულან. დრო გადიოდა, მტერი ციხეს ვერას აკლებდა. მაგრამ ციხისთავ გელა თმოგველის ცოლს ყიზილბაშთა მხედართმთავარი მოსწონებია და გარიგებია – მე ციხეში შესასვლელი მთავარი კარის გასაღებს გადმოგცემ, შენ კი ცოლად შემირთეო.  

ორბეთის ციხე - Sputnik საქართველო
მარტო საომრად კი არა: ლეგენდები ქართულ ციხესიმაგრეებზე

მტრის სარდალს დასტური უთქვამს ციხისთავის მოღალატე ცოლისთვის. ქალს მაწონი შეუყენებია ქილაში, გასაღები შიგ ჩაუდია და ყიზილბაშისთვის გაუგზავნია.

გატყდა ბჭეშეხსნილი თმოგვი. ციხისთავს რომ დაუნახავს, ციხეს კარგავდა, ცხენისთვის თვალები ნაჭრით აუკრავს და თმოგვის კლდიდან მტკვარში გადამხტარა.

ციხეში შესულ ყიზილბაშებს არავინ დაუნდიათ, ყველას სასტიკად გასწორებიან. მხოლოდ ციხისთავის მოღალატე ცოლი დაუტოვებიათ ცოცხალი.

ბრძოლის შემდეგ ნადიმი გამართულა და ყიზილბაშთა მხედართმთავარს ლაშქრისთვის ერთი კითხვა დაუსვამს – ვინ უფრო კარგი ვაჟკაცი იყო, გელა თმოგველი თუ მეო. ლაშქარს ერთხმად შეუძახნიათ სარდლისთვის, შენ სჯობდიო. მაგრამ უახლოეს მებრძოლებს შეუბედავთ, მამაციც ხარ და უბადლო ვაჟკაციც, გელა თმოგველი მართლაც რომ ღირსეული კაცი იყოო.

საგონებელში ჩავარდნილა ყიზილბაში: ამ ქალმა ასეთ ღირსეულ ვაჟკაცს თუ უღალატა, მე რაღას მიზამსო? და გასცა ბრძანება, წამებაში ამოეხადათ ქალისთვის სული.

ჯალათს მოღალატე ცოლი ცხენის კუდზე გამოუბამს და ხეობის კლდე-ღრეებში უთრევია. ბოლოს დაღლილ-დაქანცული ცხენი ჯავახეთის ერთ სოფელთან შეუჩერებია და მომაკვდავ ქალს ჯალათისთვის უთქვამს, რაღას მაწვალებ, დამკალიო. მას მერე დარქმევია იმ სოფელს დამკალი, რომელიც ახლა ნასოფლარია... 

ლეგენდა შავ და თეთრ არაგვზე 

აყვავებული რტო - Sputnik საქართველო
ბოჭორმის ანგელოზები – ზვარაკად შეწირული თორმეტი ქართველი ფერია

ოდესღაც კავკასიონის უმაღლეს მთაზე ორი ულამაზესი და ცხოვრობდა თურმე, ერთი ქერა, მეორე – შავგვრემანი. დებს ერთი უფლისწული შეჰყვარებიათ, რომელსაც არჩევანი ქერა დაზე შეუჩერებია.

ეს რომ შავგვრემანს შეუტყვია, დამჯდარა უფსკრულის პირას და უტირია; იმდენი უტირია, რომ მისი ცრემლების ნაგუბარზე მდინარე შავი არაგვი წარმოქმნილა. და უიღბლო დას იმის ტალღებისთვის მიუცია თავი.

როცა ქერას საყვარელი დის დაღუპვის ამბავი შეუტყვია, მოპირდაპირე მხარეს დამჯდარა და უტირია; იმდენი უტირია, რომ მისი ცრემლების ნაკადიდან მდინარე თეთრი არაგვი წარმოშობილა. და ქერა დასაც მასში დაუხრჩვია თავი.

მერე ორივე არაგვი ერთმანეთს შეერთებია ფასანაურთან. ამბობენ, მათ შუა გაწოლილი მთა ის უფლისწულია, რომელმაც ორი დის ტრაგედიაში დიდი როლი შეასრულაო...  

ყველა ახალი ამბავი
0