თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დღევანდელ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემაა.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია ე.წ. გერმანული მოდელის მოთხოვნასთან მიმართებით, თუმცა ელოდებიან ხელისუფლების პასუხს დიპლომატიური კორპუსის მიერ წინა შეხვედრაზე შეთავაზებულ მრავალმანდატიან კომპონენტთან დაკავშირებით.
როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღეს დეტალურად გაივლიან მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებულ წინადადებას.
პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ. კერძოდ, რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე დაიწყებენ საუბარს. ამ ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, პროტესტი გამოიწვია არა მარტო ოპოზიციაში, არამედ მმართველი პარტიის დეპუტატებს შორისაც.
კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.