თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროსაბჭოში ქვეყნის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად 16:00 საათზე საზეიმო ღონისძიებას სახელწოდებით „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს.
სამეგრელოდან, კერძოდ ზუგდიდიდან და ფოთიდან, ასევე იმერეთიდან და აჭარიდან თბილისისკენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები უკვე დაიძრა.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა.
როგორც ადრე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქალაქის ცენტრში შეკრების იდეა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნის. ღონისძიების ფარგლებში პარტიის წარმომადგენლები რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოვლენ.
ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.