ახალი საფეხური: საქართველომ და უკრაინამ სტრატეგიული საბჭო შექმნეს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია და ვლადიმერ ზელენსკი
გიორგი გახარია და ვლადიმერ ზელენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უფრო აქტიურად განავითარონ ორი ქვეყნის თანამშრომლობა

 

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სტრატეგიული საბჭო ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვა-უსაფრთხოებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. თითოეულ მიმართულებას ორი ქვეყნის შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ.

გახარიამ და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზადყოფნას, ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანონ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ოფიციალური ვიზიტი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

გახარია უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო სუამის სამიტში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა რამდენიმე სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ამ დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა 105 ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებას.

ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 522 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 5%-ია.

სუამი - არის დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდავეთმა ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციის სახელწოდება წევრი ქვეყნების სახელწოდებათა თავკიდური ასოებისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0