საქართველოს ბენზინის ყიდვა აღარ მოუწევს?

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე ევრო–5 და ევრო–6–ის სტანდარტის ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის და დიზელის საწვავის წარმოება იგეგმება

თბილისი, 13 დეკემბერი  — Sputnik. საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა სოფელ ყულევში შეიძლება 2021 წელს დაიწყოს, განაცხადა კომპანია „ფაზის ოილ“–ის აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ პრეზენტაციაზე.

ყულევში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი კომპანია „ფაზის ოილმა“ და აუდიტორულმა კომპანია Deloitte & Touche–მ წარადგინეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,1 მლრდ დოლარის ფარგლებშია განსაზღვრული, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოებზე დაიხარჯება. 

ბენზინგასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: დიზელის შემოტანა ოქტომბერში გაიზარდა

პროექტის თანახმად, საწარმოდან პროდუქციის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე.

 „ქარხანა 4,2 მლნ ტონა ნედლეულს გადაამუშავებს, საქართველო კი წელიწადში მხოლოდ 1,3 მლნ ტონას მოიხმარს. ანუ ქარხანას სამჯერ მეტი პროდუქცია ექნება, ვიდრე საქართველო მოიხმარს. აქედან გამომდინარე, საქართველო იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ–ქვეყნად გარდაიქმნება“, – განაცხადა შავდიამ.

ნედლეულის წარმოების პროცესში  პრაქტიკულად სრულად მოხდება ნავთობის გადამუშავება და ქარხანა ეკოლოგიურად სუფთა საწვავს აწარმოებს: ევრო–5 და ევრო–6–ის სტანდარტის ბენზინს და დიზელის საწვავს.

შავდიას სიტყვებით, პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი 15–20%–ით დაიწევს, საწვავი კი უმაღლესი ხარისხის იქნება.

ქარხნის მშენებლობაზე 1,5 ათასი ადამიანი დასაქმდება.

წინასწარი გათვლებით, მას შემდეგ რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 50–60 მლნ დოლარით შეივსება.

შპს „ფაზის ოილი“ საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელია ჟენევაში (შვეიცარია) რეგისტრირებული Streamtrade SA. კომპანია საერთაშორისო ვაჭრობით არის დაკავებული, მათ შორის ნავთობპროდუქტებისა და საკვები პროდუქტების ვაჭრობით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ყულევში SOCAR–ის კუთვნილი ნავთობის ტერმინალი მდებარეობს. ტერმინალის ჯამური სიმძლავრე წელიწადში 10 მლნ ტონაა.

ყველა ახალი ამბავი
0