თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ხუთშაბათს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვრილი ქიმიური ნივთიერების მძაფრი სუნის გამო რამდენიმე დეპუტატმა დღესაც შეუძლოდ იგრძნო თავი.
ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათი“, რომელზეც დეპუტატების წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„პლენარულ სხდომაზე 12 დეკემბერს დღემდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც რამდენიმე ადამიანი გახდა შეუძლოდ. ამ მიზეზით სხდომა დღის მეორე ნახევარში არ გაგრძელდება. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათი“. სასესიო დარბაზი სხდომის განახლებამდე დამატებით დამუშავდება“, - განაცხადეს პარლამენტის პრეს–სამსახურში.
ხუთშაბათს უცნაური სუნის გამო, რომელიც სხდომათა დარბაზში დატრიალდა, პარლამენტის სხდომა შეწყდა, დეპუტატები კი სასწრაფოდ გაიყვანეს დარბაზიდან. რამდენიმე პარლამენტარი შეუძლოდ გახდა. პარლამენტში „სასწრაფო დახმარებაც“ გამოიძახეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ქიმიურ ტერაქტში“ ოპოზიცია დაადანაშაულეს, რომელიც, მათი სიტყვებით, დილიდან ცდილობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩაშლას.
საქართველოს შსს-მ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაიწყო გამოძიება „ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის განზრახ მიყენების“ მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.