ხილის „ენერგეტიკული ბატონები“ – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

© FB / Vazi Tradicionalჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად
ჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგა ზამთარი – ცოცხალი ბუნების სვენების და მიძინების სეზონი. იკლებს სეზონური ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა და ადამიანი შემოდგომით შემონახული მარაგებით იწყებს ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარ ენერგეტიკულ რეცეპტებს. ეს არის მოსამზადებლად იოლი, ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული და, რაც მთავარია, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საბადო. ასეთი ტკბილეულის მირთმევა ზამთარში ნამდვილი მისწრებაა – ზამთრის მოდუნების საწინააღმდეგოდ ენერგიებით ავსებს ორგანიზმს.

ეს რეცეპტები გაძლევთ საშუალებას, გემოვნების მიხედვით ჩართოთ კვების რაციონში სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული ცოცხალი თუ გამხმარი სახით, მარცვლეული და თხილეული.

ენერგეტიკული ბატონი – „ოთხი ხილი“.

დაგჭირდებათ: 150 გ ხორბლის მარცვალი (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ხორბალი ჩაანაცვლოთ ჭვავით, ქერით, ან სხვა ხორბლეულით); 150 გ გარგარის ჩირი, 50 გ ქიშმიში, 50 გ შავი მოცხარი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა კენკრით), 50 გ ალუბალი (გამხმარი, ან ცოცხლად შენახული), 50 გ ნიგოზი, 50 გ ქუნჯუტის (სეზამი) მარცვალი.  

ხორბალს დაასხით წყალი და დატოვეთ 12 სთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ და ჩაყარეთ მოზრდილი ზომის ქილაში, მოუკარით თავი ქსოვილით და წყლის დასაწრეტად ისე დადგით, რომ ქილის ძირი ერთი მხრიდან 45-გრადუსიანი კუთხით იყოს აწეული. ხორბლიანი ქილა დადეთ კარგად განათებულ ადგილზე. დილა-საღამოს ხორბალი კარგად გარეცხეთ და დაწრიტეთ. როცა მარცვალი გაჯიჯრჯვდება და გაღივებული ამონაყარი 0,5-1 სმ-ს მიაღწევს, ხორბალი მზადაა. კარგად გარეცხეთ, გადაწურეთ და გასაშრობად ტილოზე გაშალეთ. ნიგოზი წინასწარ დაალბეთ და მსუბუქად მოხალეთ. მოხალეთ ქუნჯუტის მარცვალიც.

ბლენდერში ათქვიფეთ გარგარის ჩირი და ქიშმიში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ გაღივებული ხორბლის ნახევარი, შავი მოცხარი და ისევ ათქვიფეთ. გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ დარჩენილი ხორბალი, ალუბალი, დაჭრილი ნიგოზი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. ხის ფიცარზე დაყარეთ ქუნჯუტის მარცვლები, ზედ დადეთ მომზადებული მასა და გააბრტყელეთ ხელით 1 სმ სისქის ფენად. შემდეგ დაჭერით პატარა ზომის კუბებად, ამოავლეთ ქუნჯუტის მარცვლებში და გააშრეთ. ერთ ჯერზე მზადდება 16 ფილა.

ეს ენერგეტიკული ფილები ვიტამინებით მდიდარი და გემრიელია. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მოცხარი და ალუბალი სხვა ხილით (მოცვი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი, ატამი, ქლიავი და სხვ.), ნიგოზი კი თხილით, ნუშით, მიწის თხილით, ან მზესუმზირით ჩაანაცვლოთ. ფილები უმჯობესია მომზადებიდან მალევე მიირთვათ, რადგან მასში შემავალი ინგრედიენტები 24 საათის შემდეგ დაჟანგვას დაიწყებს და ბატონში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა შემცირდება.

მოცხარის და გარგარის ენერგეტიკული ორცხობილა

ძველ საქართველოში კარგად იცოდნენ ქერის საუკეთესო კვებითი და სამკურნალო თვისებები და დიდი ოდენობითაც იყენებდნენ მას პურის საცხობად და მოხალული სახით. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სადაც ხორბალი ძნელად მოდიოდა, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს წარმოადგენდა მოხალული ქერის ფქვილი – „ხალა“, ან „ყვა“, რომელიც სურნელოვანიც იყო, ენერგეტიკულად მდიდარიც და საუკეთესო გემური და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩეოდა. მგზავრობის დროს, დაღლილობის მოსახსნელად და დაკარგული ენერგიის აღსადგენად შეუცვლელი იყო „ხალა-წყალა“ – წყალში მოზელილი მოხალული ქერის ფქვილი.

მოსახალად გალეწვის შემდეგ ქერის მარცვალს ფენდნენ „წალოზე“ და იწყებდნენ მის „დატყრობას“. წალოზე დაყრილ მარცვალს როცა ქერქი დაუსკდებოდა და ფერს იცვლიდა, ხელით ფშვნიდნენ, ქარზე გაანიავებდნენ და ფქვავდნენ. შემდეგ კი რძის პროდუქტებთან და ერბოსთან შეზელილს მიირთმევდნენ, პურის ნაცვლად ატანდნენ ხავიწს (ერბოში მოდუღებული ხაჭო), ჭვავთან არეულს ფქვავდნენ და აცხობდნენ სურნელოვან პურს.

ქერის ენერგეტიკული ბატონი ხილით ვიტამინების და ენერგიების ნამდვილი საბადოა, ამავდროულად, გემრიელიც და მოსამზადებლადაც იოლი. ერთ ჯერზე მზადდება 12-16 ფილა.

დაგჭირდებათ: 150 გ მოხალული და დაფქვილი ქერი; 100 გ ხურტკმელი ან მოცხარი; 200 გ გარგრის ჩირი; 100 გ ფსტა.

ქერის მარცვალს დაასხით ნელ-თბილი წყალი, გადაწურეთ, დააფარეთ ტილო და აცალეთ შეშრობა. კარგად გახურებულ ტაფაზე დაყარეთ ნოტიო ქერი თხელ ფენად და მოხალეთ ნელ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. მარცვალი ოქროსფერს რომ მიიღებს, გადმოყარეთ, თხლად გაშალეთ, გააგრილეთ და დაფქვით.

გარგრის და კენკრის ჩირები წინასწარ დაალბეთ 15-20 წუთით ნელ-თბილ წყალში და გააშრეთ ჩაის ტილოზე. ათქვიფეთ ჩირები და 60 გ ფსტა ბლენდერით პიურეს კონსისტენციის ფაფის მიღებამდე. მიღებულ მასას შეურიეთ ქერის ფქვილი და მოზილეთ ნაზი ცომი.

დარჩენილი ფსტა დაფქვით. ნახევარი გაშალეთ ფიცარზე, დაადეთ ხილის ცომი და გააბრტყელეთ 6-8 მმ სისქის ფენა. დააყარეთ ზემოდანაც ფსტა და ხელით დატკეპნეთ. გაბრტყელებული ცომი დაჭერით ოთხკუთხედებად ან რომბებად და მოათავსეთ საცხობ ტაფაზე. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 500C ტემპერატურაზე 2-3 საათის განმავლობაში, სანამ ხილის ცომი მთლიანად არ გამოშრება.

გამომცხვარი ორცხობილა ფრთხილად გადაიტანეთ გასაცივებლად. შემდეგ სათითაოდ შეახვიეთ ფოლგის, ან ცხიმგაუმტარ ქაღალდში. ქილაში მოთავსებული შეფუთული ბატონები გრილ ადგილზე ინახება ერთი კვირა და მეტიც.

სელის თესლის ორცხობილა წიწაკით

ეს ომეგა ცხიმოვანი მჟავებით და სასიცოცხლო ძალებით მდიდარი ორცხობილა ორგანიზმს აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით და ვიტამინებით ამარაგებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს და ამავდროულად გემრიელიცაა. ერთ ჯერზე მზადდება 12 ფილა.

დაგჭირდებათ: 250 გ სელის თესლი, 5 საშუალო ზომის სტაფილო, 2 ღერი ნიახური, 1 საშუალო ზომის წითელი წიწაკა (ჩილი, ან ტკბილი), 4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი პრასი, ან მწვანე ნიორი, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი სურვილისამებრ.

სტაფილო და ნიახური გაწურეთ. შეურიეთ სელის თესლს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი  წიწაკა, ოხრახუში, პრასი, მარილი და დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით, მოურიეთ და დატოვეთ 2 საათით, სელის თესლი რომ გაიჯირჯვოს. ეს მასა გაშალეთ თხელ ფენად საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე (500C) 3-4 საათის განმავლობაში. ორცხობილა დაჭერით კვადრატებად. შეგიძლიათ მიირთვათ პურის ნაცვლად.

შავი მოცხარის ენერგეტიკული ბატონი ნიგვზით

დაგჭირდებათ: 250 გ ქერის მარცვალი, 50 გ ნიგოზი, 100 გ ფინიკი (უკურკო), 100 გ შავი მოცხარის ან მოცვის ჩირი.

გარეცხილ ქერის მარცვალს დაასხით თბილი წყალი და დატოვეთ დილამდე. დილით გადაწურეთ თუშფალანგზე და დატოვეთ დასაწრეტად. 150 გ ქერის მარცვალი მოხალეთ, გააცივეთ და დაფქვით. დარჩენილი 100 გ ქერი თხლად დაყარეთ ჩაის ტილოზე და დატოვეთ გასაშრობად.

დაალბეთ ნიგოზი წყალში და მოხალეთ დაბალ ცეცხლზე. ოქროსფერს რომ მიიღებს, გააცივეთ და ხელით გააცალეთ კანი.

მოუხალავი ქერი ფინიკთან ერთად გათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვან მასამდე. გადაიტანეთ გათქვეფილი მასა თასზე, აურიეთ შავი მოცხარი და დაჭრილი მოხალული ნიგოზი.

ფიცარზე გაშალეთ მოხალული ქერის მარცვლები, მოათავსეთ მასზე ხილის მასა და გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმაზე. დაჭერით და გააშრეთ.

ეს ენერგეტიკული ბატონი ენერგიით და ვიტამინებით გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს და ამავდროულად მოსამზადებლად იოლი და საჭმელად გემრიელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0