ნიტა ლომიძე საზოგადოებამ გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“. მის მშობლებს ყველა კარგად იცნობს – მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი და ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე წლებია სამაგალითო წყვილად ითვლება. ნიტას 26 წლის ძმაც ჰყავს – თეას ვაჟი ნიკა ლობილაძე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეწამყვანად მუშაობს.
ნიტა ლომიძემ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ნიტა კალიფორნიაში კერძო სკოლა-აკადემიაში – აიდილვაილდის აკადემიაში Idyllwild Arts Academy სწავლობს. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას მიენიჭა პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award), რომელიც 50 000 დოლარს აღემატება.
აიდილვაილდის აკადემია წლებია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს. აკადემიური ბრწყინვალებით უმაღლესი A+ რეიტინგის მქონე აიდილვაილდის აკადემია 2019 წელს აშშ-ის საუკეთესო არტ სკოლათა შორის კვლავ პირველ ადგილზეა. სკოლის დასრულების შემდგომ მოწაფეები აბარებენ ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა ჯულიარდი, სტენფორდი, ემერსონი.
ცნობილ ტელეწამყვანს ნიკა ლომიძეს პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ სიურპრიზი მოუწყვეს. „რუსთავი 2“-ზე გადაცემის დროს ლოს-ანჯელესიდან მისი ქალიშვილი ნიტა ლომიძე ჩაერთო, რომელიც მონატრებულ მამას პირდაპირ ეთერში გაესაუბრა, მაყურებელს კი ამერიკული ცხოვრების შესახებ მოუყვა. ნიტა ლომიძე რამდენიმე თვეა უკვე ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს.
როგორც ნიტა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, უკვე ხუთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ორ სპექტაკლში. ეს ფილმებია: „ანოს და ვანოს თავგადასავალი“, „ლურჯი ფრინველი“, „ცელქი ბავშვები“ (ორივე ნაწილი) და „ვისი სული გსურს", სპექტაკლებიდან კი – "მუსიკის ჰანგები" და "ლურჯი ფრინველი". „ექვსი წლის ვიყავი, დავით დოიაშვილმა სცენაზე რომ დამაყენა და ეს ჯადოსნური ადგილი შემაყვარა. ადრეულ ასაკში გავიგე, რა კარგი ყოფილა სცენა. მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვმდგარიყავი იქ, რა უნდა მეთქვა, მაგრამ რაღაც მომენტში მიმიშვეს, თვითონ, ჩემი იმპროვიზაციით მიმყავდა ხოლმე სპექტაკლი“, – ამბობს ნიტა.