ყველასათვის კარგად ცნობილი, მაღალდეკორატიული თაფლოვანი მცენარე კუნელი (Crataegus spp., ქართლური – სკუნელი; ქიზიყური – კვინელი; მთიულური, თუშური, იმერული, რაჭული, ლეჩხუმური – კუნელა; იმერული – კუმელა; გურული – კურკანტელა; მესხური, გურული, აჭარული – ლიცვი; ინგილოური – კნოლ; მეგრული – ქუნცი, ხინჭკი, ეშმაკიშ მართახი; სვანური – ცაანცი, ცანცი) – ზაფხულმწვანე ბუჩქები ან დაბალი ხეებია, ფართოდ გავრცელებული ქვეტყის სახით საქართველოს ბარსა და მთის ქვედა და შუა სარტყელის ფოთლოვან ტყეებში, მეტწილად ფანჯრებში, ტყის პირებში, ბუჩქნარებში, ნატყევარ ბუჩქნარებში, უფრო ხშირად მუხნარ, წიფლნარ, რცხილნარ ტყეებსა და მათ დერივატებში, ღია გორაკებზე, ერთეულებად ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, ტიპურ რაყას არ ქმნის, ვრცელდება 1800-1900 მეტრამდე ზღვის დონიდან ნაირგვარ ეკოლოგიურ პირობებში – სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, ქათლში, მთიულეთში, კახეთში, გარე კახეთში, თრიალეთსა და მესხეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში.
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია კუნელის 8 სახეობა. მათ შორის ერთი - კავკასიური კუნელი (Crataegus caucasica K. Koch.) კავკასიის ენდემია. დანარჩენი 7 სახეობა (C.. pentagyna Waldst. Er Kit. - შავი კუნელი, C. orientalis Pall. ex Bieb. - კნაპა, C. pontica K. Koch. - ყამბრო, C. kyrtostyla Fing. და C. microphylla K. Koch. - წითელი კუნელი; C. pseudoheterophylla Pojark. და C. meyeri Pojark. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკულ ქვეყნებში.
ჩვენთან უფრო მეტად გვხვდება წითელი კუნელი (Crataegus kyrtostyla Fing., C. microphylla C. Koch.), კახური, ფშაური – ძაღლკუნელა; იმერული – ცხვრის კუნელა, ბაბუსაგძალა, ბაბუსანგალა, ბაბუსა; ლეჩხუმური – ღორტყემალა; აჭარული – ყრუა; მეგრული – ჭითა ქუნცი, ჭითა ხინჭკი, ჩონჩოლი) და შავი კუნელი (Crataegus pentagyna W. et K.), მესხური – ლიცვი; ლეჩხუმური – კურმელა; გურული – კურკანტელა; ოკრიბული – ყვინწკლი; მეგრული – უჩა ქუნცი, უჩა ხინჭკი, უჩა კაკალი). წითელი, ან მოწითალო ნარინჯისფერი ნაყოფები აქვს აგრეთვე კნაპას.
კუნელის ეს სახეობები ბუნებრივადაა გავრცელებული მთელ საქართველოში, ძირითადად ქვეტყეში. ახასიათებს უხვი ნაყოფმსხმოიარობა, ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლის-სექტემბერში. კუნელის სხვა სახეობებს გავრცელების შედარებით შეზღუდული არეალი აქვთ, განსაკუთრებით ყამბროს, რომელიც ძირითადად გაკულტურებული სახით გვხვდება.
კუნელის ნაყოფს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს საკვებად, როგორც იაფფასიან ხილს. ნაყოფები ნაკლებად წვნიანია, უსუნო, გემოთი – მოტკბო-მომჟავო. ხილით ღარიბ ქვეყნებში მის ნაყოფებს ახმობდნენ, ზამთარში ფქვავდნენ და მისგან აცხობდნენ ტკბილ კვერებს. ნაყოფების გემო პირველი წაყინვების შემდეგ საგრძნობლად უმჯობესდება და მისგან ხარშავენ მურაბას და კისელს.
კუნელი, როგორც სამკურნალო მცენარე, კარგად არის ცნობილი ხალხურ მედიცინასა და თანამედროვე ფარმაკოლოგიაში. მზა სამკურნალო მასალა გამოდის დაფასოებული მშრალი ყვავილების და ნაყოფების და მათი პრეპარატების – ნაყენის, ექსტრაქტის და აბების სახით.
ქართულ ხალხურ მედიცინაში კუნელს იყენებენ როგორც პირღებინების საწინააღმდეგო, საფაღარათე, შარდმდენ და გულის სამკურნალო საშუალებას. რაჭაში კუნელის ნაყოფის ნახარშს ასმევენ მაღალწნევიან ავადმყოფებს წყლის მაგივრად.
სამკურნალო მიზნით იყენებენ კუნელის ყვავილებსა და ნაყოფებს. ყვავილები ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას, აძლიერებს გულის კორონარულ სისხლძარღვებსა და ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს არტერიულ წნევას, აწესრიგებს ძილს. ნაყოფების ექსტრაქტი გამოიყენება გულის მუშაობის დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, ჰიპერტონიული დაავადებების საწყის ეტაპებზე, ვეგეტონერვოზების, ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზის, ორგანიზმის საერთო სისუსტის დროს.
იხმარება საგულე საშუალებად, განსაკუთრებით, ხანშიშესულობის ასაკში. კარგად მოქმედებს გულის კუნთოვან, სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. სვამენ ჩაის, ან ნაყენის სახით.
კუნელის ყვავილებს აგროვებენ აპრილის შუიდან ივლისის ბოლომდე, როცა ყვავილები ჯერ მთლიანად არ არის გაშლილი. შლიან თხელ ფენებად და აშრობენ ჩრდილში, ან კარგად განიავებულ შენობაში. ნედლეული ჰიგროსკოპულია, ამიტომ სწრაფად ფუთავენ.
ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს – სექტემბრიდან პირველ ყინვებამდე, დეკემბრის ბოლომდე. ნაყოფის შეგროვებისას დაუშვებელია მსხმოიარე ტოტების მოჭრა ან დამტვრევა. იკრიფება ჯანსაღი, მკვრივი, მუქი წითელი ნაყოფი, რომელსაც აშრობენ კარგად განიავებულ შენობაში, ჰაერღუმელში, ან სპეციალურ საშრობში არაუმეტეს 50°С ტემპერატურაზე.
მზა სამკურნალო ნედლეულში - ყვავილებში არ უნდა იყოს შერეული მცენარის სხვა ნაწილები, ჩამუქებული ყვავილები და სხვა მინარევები 3%-ზე მეტი, ნაყოფში კი დაუშვებელია ჩამუქებული, დაობებული ნაყოფები, უმწიფარი ნაყოფი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი. ყვავილები ინახება მჭიდრო ქაღალდით ამოფენილ 10-25 კგ ფანერის ყუთებში, ნაყოფი – 40-50 კგ ტომრებში, მშრალ შენობაში კარგი განიავებით. შეიძლება ნაყოფის გაყინვაც.
სამკურნალო თვისებების მატარებელი კუნელის ჩაი ასე მზადდება: 10 გრ ნაყოფს ასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს და აყოვნებენ თერმოსში, ან ფუთავენ თბილად ნახევარი საათით. ჰიპერტონიული დაავადებების, ვეგეტონევროზების და კლიმაქსურ პერიოდში ასეთ ნაყენს სვამენ დღეში სამჯერ სუფრის კოვზით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თავბრუსხვევის, ხუთვის, კლიმაქსური პერიოდის დასაწყისში მთელი დღის მანძილზე სამ ულუფად დალიეთ ეს ნაყენი: 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში, როგორც ჩაი. ეს ნაყენი ეფექტურია ვეგეტონევროზების, სისხლის მიმოქცევის და გულის მუშაობის დარღვევის (ტაქიკარდიის) და ჰიპერტონიული დაავადებების დროს.
კუნელის პრეპარატები, ნაყენი და ნახარში ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას, არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ეხმარება უძილობის დროს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
კუნელის სამკურნალო ნაყენი მზადდება ცოცხალი ყვავილებისგანაც: დასრისეთ და გამოწურეთ ნორჩი ყვავილები, ახალგამოწურულ წვენს შეურიეთ ორჯერ მეტი რაოდენობის 90% ეთილის სპირტი და დააყოვნეთ გრილ, ბნელ ადგილზე 15 დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ეფექტურია კარდიონერვოზების და ჰიპერტონიული დაავადებების დროს. ისმება 40 წვეთი ერთ სუფრის კოვზ წყალში გახსნილი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
ვეგეტონევროზების დროს ძალიან ეფექტურია სამკურნალო ბალახების ნაკრები ჩაი: 1 სუფრის კოვზი შავბალახას ფოთლები (Leonurus quinquelobatus Gilib), 1 სუფრის კოვზი ვალერიანას ფესურები (Valeriana officinalis L.), 20 გრ (2 დესერტის კოვზი) კუნელის ნაყოფი და 1 ჩაის კოვზი (5 გრ) სამკურნალო გვირილის ყვავილები (Matricaria chamomilla L.) – ამ ნაკრებს დაასხით 200 გრ მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ 5-10 წუთი, როგორც ჩაი. დალიეთ მთელი დღის მანძილზე 2-3 ულუფად.
დადებით გავლენას ახდენს გულის კუნთის მუშაობაზე კუნელის ნედლი ნაყოფის ნაყენი. ამისათვის დაჭყლეტილ ან დაჩეჩქვილ მწიფე ნაყოფებს დაასხით წყალი – 100 გრ ნაყოფზე 1 სუფრის კოვზი, დადგით ნელ ცეცხლზე და გააცხელეთ 40-50°С ტემპერატურაზე და შემდეგ კარგად გაწურეთ. მიიღეთ ეს ნაყენი ჭამის წინ, დღეში სამჯერ, თითო სუფრის კოვზი. ნაყენი ამაგრებს გულის კუნთის მუშაობას და იცავს ზედმეტი დატვირთვისგან.
გერმანიასა და გალიციაში კუნელის პრეპარატებს წარმატებით ხმარობენ როგორც გულის გასამაგრებელი და სისხლძარღვოვან სისტემაზე მოქმედი საშუალება. ახლადშეკრეფილი მცენარის ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფებისგან კონცენტრირებულ ალკოჰოლზე დამზადებული პრეპარატი „კურტაკრატი“ (Curtacrati) პოპულარულია როგორც საგულე, სისხლძარღვებზე მოქმედი და სედატიური საშუალება ჰიპერტონიისა და ნერვული აგზნებადობის დროს.
კუნელის ქიმიური შემადგენლობა არასათანადოდ არის შესწავლილი და მიუხედავად მისი აქტიური გამოყენებისა ხალხურ მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში, მცენარე უფრო პოპულარული დეკორატიულ მებაღეობაშია. წითელი კუნელები კი გამოიყენება ვაშლების და მსხლების სელექციაში.
კუნელი კარგი თაფლოვანი მცენარეა. აქვს საუცხოო მერქანი სადურგლო-სახარატო საქმიანობისთვის. კუნელის ერთი ბუჩქი საშუალოდ 2-15 კგ ნაყოფს იძლევა. მცენარის ყველა ნაწილის ნახარში ქსოვილს ღებავს წითლად და ქართულ ეთნოყოფაში სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენებოდა ხამისა და კანაფის ქსოვილების შესაღებად.
და, ბოლოს, იოანე ბაგრატიონთან ვკითხულობთ: „კუნელი, იემიშან, ხე ესე გაიზრდების თბილტა ადგილთა რუსეთისათა, რომელსაცა ასხს რტოები ფ(რია)დ ხშირად. ქერქი მისი არს მოწითლო ანუ ჩაჭირებული ყომრალი. რტოთა მისთა ასხს ფ(რია)დ მყარი ეკალი. ფოთოლი სამად განყოფილი და დაკბილული. ყუავილი მტევნებად ანუ კონებად დაწყობილი. ფერად თეთრი. ნაყოფი გინა ხილი აქუს გარეგან კერძოდ მოყვითალოდ წითელი და შავიც იქმნების, შინაგან კერძოდ ყვითელი. უწვნო. ჴორცი ფქვილებრი. ხე მისი არს ფ(რია)დ ძარღვიანი და მოთეთრო. ქერქს მისსა იჴმევენ საღებავად და ნაყოფსა საზრდელად პირუტყვთათვის“ (ი.ბაგრატიონი, 1814).