თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით დაკითხვაზე გამოიძახეს.
გვარამიამ მისთვის გაგზავნილი უწყება საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ტელეკომპანიის გენდირექტორს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი დაკითხავს.
რა საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ გვარამიას, უცნობია, თუმცა, მისი ვარაუდით, უწყებაში დაბარება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს ეხება. კონკრეტულად თუ რომელ პოსტზეა საუბარი, იგი არ მიუთითებს.
თუმცა, გუშინ გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე „უზურპატორის დამხობისკენ“ მოწოდება გამოაქვეყნა – პოსტში იყო ფრაზა „უზურპატორი ჩვენ უნდა დავამხოთ“.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც გვარამიას, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.