თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა ბრატისლავაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაში, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა სლოვაკეთის დედაქალაქში 5-6 დეკემბერს გაიმართება.
დავით ზალკალიანი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ყირგიზ კოლეგა ჩინგიზ აიდარბეკოვს. მხარეები ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.