ყველაზე ეროვნული შოუ „მხოლოდ ქართულის“ ახალი სეზონი დაიწყო

© photo: Mkholod Kartuli Mtavari TV / FB„მხოლოდ ქართულის“ ჟიური
„მხოლოდ ქართულის“ ჟიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ვოკალური პროექტი „მხოლოდ ქართულის" ახალი სეზონი „მთავარი არხის“ ეთერში დაიწყო. პირველი კასტინგები აღმოჩენებით დასრულდა

კონკურსანტებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან გადაწყვიტეს საკუთარი თავი გამოსცადონ და მონაწილეობა მიიღონ ტელეშოუში, რომელიც ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ეწევა. პროექტის აუცილებელი პირობაა - მხოლოდ ქართველი ავტორების კომპოზიციების შესრულება.

როგორც პროექტის ჟიური აღნიშნავს, სწორედ ამაშია „მხოლოდ ქართულის“ არსი - ახალგაზრდა თაობაში ქართული სიმღერისადმი სიყვარულის გაღვივება, რადგან ეს მაგარი, მოდური და პატრიოტულია.

გთავაზობთ პროექტის ყველაზე კაშკაშა და ეფექტური გამოსვლების ტოპ-ხუთეულს.

28 წლის თბილისელმა გიორგი ძოწენიძემ კასტინგისთვის შეარჩია სიმღერა „ქვეყანა შემოვიარე“. გიორგი ჟიურის წინაშე პირველად არ წარდგა. თურმე, ის უკვე ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მომღერალია და საკუთარი ბენდიც კი აქვს, რომელთან ერთადაც ხშირად მღერის მაყურებლის წინაშე. კითხვაზე, რატომ მივიდა პროექტზე, გიორგიმ მოკლედ და ნათლად უპასუხა: „ძალიან მომინდა“. მან ჟიურის წევრების მოხიბვლა და შოუში მოხვედრაც მოახერხა.

19 წლის ნინი შონია „მხოლოდ ქართულის“ კასტინგზე უმცროს ძმასთან, გეგასთან ერთად მივიდა. ორივე საკმაოდ გამოცდილი შემსრულებელია: გეგა მონაწილეობდა ტელეშოუში „მასტერ-კლასი“, ხოლო ნინი - „ანა-ბანაში“. და-ძმამ აკაპელა შეასრულეს სიმღერა „ჩემს სახლთან პატარა ბაღია“ და ჟიურის წევრებს თავი შეაყვარეს.

23 წლის ნიკა შუბითიძე რუსთავიდანაა. ბავშვობაში სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს განსაკუთრებული ხმის პატრონად არ მიიჩნევს, ის აღიარებს, რომ „მუსიკალურად ფიქრი“ შეუძლია. კასტინგზე მას წარმატება მოუტანა სიმღერამ „გაიარე“ და ქართული ხალხური კომპოზიციის შესრულებამ.

19 წლის ქუთაისელი ნანო ცერცვაძე „მხოლოდ ქართულის“ კასტინგზე უკვე მეორედ მიდის. ის ამბობს, რომ ჯადოსნურია, ხოლო მუსიკა - მისი მშვიდი ნავსაყუდელია. კასტინგზე ნანომ შეასრულა სიმღერა ჯგუფი „მწვანე ოთახის“ რეპერტუარიდან და არც შემცდარა.

18 წლის საბა ნუცუბიძეც ქუთაისელია. ის აღმერთებს ქართულ ქალაქურ რომანსებს. უყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყველაფერში პირველი უნდა იყოს. კასტინგზე მან შეასრულა სიმღერა „აყვავებულ ჭადრებთან“. ბიჭი ძალიან მოეწონა ჟიურის წევრებს და, რა თქმა უნდა, შოუში მოხვდა.

პროგრამა მაყურებლისთვის ჩვეულ დროს – ორშაბათობით 22:00 საათზე გავა.

ისევე, როგორც გასულ სეზონებში, შემსრულებლებს შეაფასებენ ჟიურის წევრები: მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. პროექტს წელს ისევ წაიყვანენ მსახიობი ილო ბეროშვილი და კომედიური ჟანრის მსახიობი ნიკა გრიგოლია.

ყველა ახალი ამბავი
0