თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გალერეა „გამრეკელი“ მუსიკოს დათო ევგენიძის იუბილესადმი მიძღვნილ პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე, სახელწოდებით – „პრინტ მი“ კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული 19 მინიმალისტური ნამუშევარია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა კიდევ ორი დღის განმავლობაში შეეძლება.
დათო ევგენიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და უკვე ერთი წლის შემდეგ სსრკ-ის შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. 1985-1986 წლებში ევგენიძის მუსიკალური ნაწარმოებები დიდი თეატრის სცენაზე დადგეს. მაშინ დაამთავრა მან მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა.
1987 წელს ნიუ-იორკში ქართველი მუსიკოსის დებიუტი შედგა. ევგენიძემ დაწერა მუსიკა ბალეტისთვის - „მოაზროვნე“(როდენი)“ (1985,დიდი თეატრი) და „გედების ერთგულება“ (1986,დიდი თეატრი), "Эй, ухнем!"(1987,ნიუ-იორკი), ახალი ოპერა „საფირონები“ (2004,მოსკოვი), ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე რუსეთში,აშშ-ში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. 1987-1991 წლებში ესპანეთში სანტა-კრუზის კონსერვატორიაში ასწავლიდა კომპოზიციას.
დავით ევგენიძის მუსიკა ჟღერს შემდეგ კინოფილმებში: ფიოდორ ბონდარჩუკის „მეცხრე როტა“, ვასილი ჩიგინსკის „პირველი ღმერთის შემდეგ“, გიორგი შენგელაიას „სიყვარული ვენახში“, ფარხოტ აბდულაევის „ლოვიტორი“,რეზო გიგინეიშვილის „სიცხე“ და ტელესერიალი „უკანასკნელი მოგიკიანი“.
დავით ევგენიძე-მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პრემიების ლაურეატია. მათ შორის- ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი (მოსკოვი 1983), „ოქროს კურო“ და „ოქროს არწივი“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე როტა“ (2005), პრემია „ნიკა“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე როტა“(2005) და „საქართველოს 1997 წლის საუკეთესო მუსიკოსის“ წოდება. ევგენიძე ბევრი სარეკლამო რგოლისა და მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი პერფორმანსის მუსიკის ავტორია. მაგალითად, პროექტი „უწონადობის ანატომია“ (1994, გალერეა „Art pictures”,მოსკოვი), „ფოსტ-მოდერნი“ (2001,თბილისი) და „შენი თავის უფალი“(2002,თბილისი). თავისუფალ დროს მუსიკოსი ხატავს, წერს ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს ორი პოეტური კრებული- „8501 სიტყვა“ (2002) და „ქართული ფოსტა. პასუხგაუცემელი წერილები“ (2013).