თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ჩინელმა ექიმებმა პაციენტის თავის ტვინის ქსოვილში ღორის სოლიტერის მატლები აღმოაჩინეს, რამაც ეპილეფსია გამოიწვია. პარაზიტი, სავარაუდოდ, მის ორგანიზმში ღორის ან ცხვრის არასრულად მომზადებული ხორციდან მოხვდა, იუწყება მედია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საკვებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად, ღორის სოლიტერით დასნებოვნება დაასახელა. ზოგ რეგიონში მოსახლეობის ეპილეფსიით დაავადების 30% სწორედ ღორის სოლიტერზე მოდის.
ღორის სოლიტერის სასიცოცხლო ციკლი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ცისტიცერკოზის შემთხვევაში (ღორის სოლიტერის ლარვული სტადია), ნაწლავში სრულფასოვანი მატლი ვითარდება, რომელიც შემდგომში მრავლდება; ხოლო თუ საქმე მატლ ონკოსფერასთან გვაქვს, მას შეუძლია სხეულის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილება.
როგორც ჩანს, წორედ ასე მოხდა ჩინელი 46 წლის მშენებლის შემთხვევაში, რომელსაც მოულოდნელად დაეწყო გულისრევა, კრუნჩხვები და თავის ტკივილი.
ერთ დღეს მას ეპილეფსიური გულყრები თანამშრომლების თვალწინ დაეწყო. კოლეგებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მამაკაცი ჩზეციანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სწორედ იქ აღმოუჩინეს ექიმებმა პაციენტს თავის ტვინში მკვდარი ცისტიცერკების კვალი. მაგრამ პაციენტმა უარი თქვა მკურნალობაში ფულის დახარჯვაზე, განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და შინ წავიდა.
სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას ეპილეფსიის შეტევები გაუხშირდა და ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, კვლავ მიაკითხა კლინიკას. აღსანიშნავია, რომ მკურნალობა შედეგიანი გამოდგა და პაციენტი გამოჯანმრთელების გზას დაადგა.
ექიმები გვირჩევენ, რომ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ ხარისხიანი ხორცის შეძენაზე, არამედ მისი მომზადების წესებზეც: ხორცი კარგად უნდა მოიხარშოს ან შეიწვას, ხოლო მზა და უმი ხორცის დასაჭრელი დაფები უნდა გაიმიჯნოს, რათა უმი ხორცის ჭიის ლარვები მზა საკვებზე არ გადავიდეს.