ექსკლუზიურად გერმანიიდან: სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი ავტომობილები შეემატება

© photo: Emergency Management Service / FBსახანძრო ავტომობილი
სახანძრო ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს 30 ახალი, ევროპული სახანძრო ავტომობილი შეემატება, რომელიც გერმანიაში სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სახანძრო ავტომობილები, რომლებიც სრულად შეესაბამებიან თანამედროვე სტანდარტებს, კომპანია Magirus-ის ქარხანაში აიწყო. აღნიშნული ფირმის სახანძრო ტექნიკა გამოირჩევა მანევრირებით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით.

სახანძრო ავტომობილები აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვთ 4,5-ტონიანი წყლის ავზი და 300-ლიტრიანი ქაფის ავზი. ავტომობილებში ასევე დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.

სახანძრო ავტომობილებმა გერმანიაში უკვე გაიარეს სრული ინსპექტირება. ტესტირებას პირადად ესწრებოდა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი.

„წლის ბოლომდე 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მოძველებული რუსული ავტომობილები მთლიანად ჩანაცვლდეს თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით", – აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ქართველი მეხანძრე-მაშველები გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალურ გადამზადებას გაივლიან, რათა მათ გაუმარტივდეთ ახალ ავტომობილებზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0