თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს ხელშეწყობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „ხორნაბუჯმა“ ააშენა.
მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656 ათასი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525 ათასი ლარი სახელმწიფო გრანტია.
უწყების ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად ათი ადგილობრივია დასაქმებული. 2020 წელს სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის დანერგვაში დაეხმარება.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
პროგრამა „ერთიანი აგროპროექტი" რამდენიმე ნაწილისგან შედგება – წარმოებისა და პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, მის რეალიზაციაში დახმარება, აგროსექტორის დაზღვევის სისტემის განვითარება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.