ბაბლუანები ლენტეხის რაიონ სოფელ ჩოლურში ცხოვრობენ. სწორედ ამ სოფელში დაიბადა ცნობილი თემურ ბაბლუანი, უდიადეს „უძინართა მზეს“ შემოქმედი და სულისჩამდგმელი. რეჟისორი უკვე ათეული წლებია, პარიზში, შვილებთან ერთად ცხოვრობს. თემურის მეუღლე ლია ბაბლუანი ახლა მრავალრიცხოვანი ოჯახის ბურჯი და წინამძღოლია, თუმცა იყო დრო, როცა მსახიობობდა კიდეც. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ „უძინართა მზეში“ დედის როლს, სწორედ ლია ასრულებს. რეჟისორსა და მსახიობს ოთხი შვილი ჰყავთ: გელა, გიორგი, ოლგა და სოფია.
მამის გზას გაჰყვა გელა ბაბლუანი, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „13“ იყო, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად. გადაიღეს ფილმის ამერიკული ვერსიაც, სადაც ჯეისონ სტეტჰემი და მიკი რურკი თამაშობენ. გელა ბაბლუანის ფილმოგრაფია მოიცავს სარეჟისორო, სასცენარო, საპროდიუსერო, სარედაქტორო და მსახიობთა შერჩევის ნამუშევრებს. მას მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდო, მათ შორის, ვენეციის კინოფესტივალის პრიზი, საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმი ფილმისათვის „ცამეტი“, სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი ფილმისათვის „ცამეტი“, ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტიველის გრან-პრი (ბელგია), საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის „ფული“ და ასე შემდეგ.
ძმასთან ერთად რეჟისორობა არჩია სოფიამაც, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ის მუსიკისა და სიმღერის დიდი მოყვარულია, ზოგჯერ მღერის კიდეც. სწორედ მისი სიმღერით იწყება გელას ფილმი „ფული“. თუ თბილისში ხშირად დადიხართ ფეხით, შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც მოპედით მოსიარულე ახალგაზრდა ქალი. ეს ქალი ოლიკოა, საქართველოში მამის მერე ყველაზე ცნობილი ბაბლუანი. მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. ამჟამად მისი საქმიანობა მედიასთან და საქართველოსთანაა დაკავშირებული.
მისი პირველი გადაცემა „მშვიდობით იარაღო“ იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში „რა დროს ძილიამ?!“ ჩაანაცვლა. ოლგა ფრანგული კინოსა და ლიტერატურის წარმომადგენლებს საკმაოდ ახლოს იცნობს და ამიტომაც მისი გადაცემის სტუმრები ხშირად ყოფილან ვენსან კასელი, პიერ რიშარი თუ ფრედერიკ ბრეგბედერი. ოლგას ორი გოგონა ჰყავს, ლიანა და ნასტასია. მისი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ, თუმცა დედას ხშირად სტუმრობენ და მასთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ.
პარიზში ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად ბაბლუანები სულით მაინც სვანები არიან - საკუთარ სამშობლოზე და მთებზე შეყვარებული კინემატოგრაფისტები.
გიორგი ბაბლუანმა და-ძმისგან განსხვავებით მსახიობობა გადაწყვიტა. მისი პირველი ფილმი საკუთარი ძმის „13“ იყო, სადაც მთავრ როლს ასრულებს. მას შემდეგ იყო „მემკვიდრეობა“, „ფული“, „მარუსია“, „დამნაშავეთა არმია“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“.
გიორგის მეუღლე სერბი მოდელი და მსახიობი ბოიანა პანიკია. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „თავისუფლება“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ბოიანა ევროპაში კარგად ცნობილი და წარმატებული მოდელია. საერთაშორისო კარიერა სერბმა მოდელმა მილანიდან დაიწყო, როცა ის სამოდელო სააგენტო Names Agency-მ აღმოაჩინა. აქტიურად გამოდის Chanel-ის, Jean Paul Gaultier-ის პოდიუმებზე პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და მილანში. 2008 წლიდან ბოიანა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის Schwarzkopf-ის შამპუნების ხაზის სახეა.