თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელებმა ბიშკეკში გამართულ სხდომაზე იმ დოკუმენტების პროექტები განიხილეს, რომლებზე ხელმოწერაც ხუთშაბათს იგეგმება ყირგიზეთის დედაქალაქში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე.
„კერძოდ, დოკუმენტების პროექტები ეხება საერთაშორისო ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის სრულყოფას გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსამტკიცებლად... ორგანიზაციის ნორმატიულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების საწარმოებისა და ორგანიზაციების ინტეგრაციული კავშირების განვითარებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ორგანიზება-ჩატარებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ჩრდილოეთში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულთან ბრძოლის საკითხები.
ხუთშაბათს ბიშკეკში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის თავმჯდომარე ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი იქნება. ორგანიზაციაში შედიან: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.