თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიის წარმომადგენლები წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათ პრობლემის მოგვარების საკუთარი გეგმა გააცნეს, იუწყება მერიის ვებ-გვერდი.
„ჩვენ შევთავაზეთ დეველოპერულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მისაღებ პირობებში მოხდეს ამ ობიექტების დასრულება. ჩვენ შექმნილი გვაქვს დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არსებული წესებიდან გარკვეული გამონაკლისები დაუწესონ იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ მშენებლობებში ან გარემონტებაში მიიღებენ მონაწილეობას", – აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
მერიამ სამშენებლო კომპანიებს შესთავაზა გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. ამის შედეგად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი ობიექტის გარემონტება. რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ელოშვილის თქმით, ამაზეც მოლაპარაკებებს მერია ჯერ კიდევ აწარმოებს.
მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კომპანია „ცენტრ პოინტის" პრობლემაზე გამახვილდა.
„ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის" მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია „მ2“-ის დამსახურებით და დედაქალაქის სამსახურების ჩართულობით მოხდა შეთანხმება და 2500-მდე ოჯახისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც სამშენებლო კომპანია „მ2"-მა თავის თავზე აიღო.
„ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს „ცენტრ პოინტთან" დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ, რათა 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება", – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, „ცენტრ პოინტის“ პრობლემა ორ ნაწილად გაიყო. ერთია აუშენებელი კორპუსები, ხოლო მეორე – ის კორპუსები, რომლებიც დასრულებულად ითვლება და სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა.
მერია „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს >>
„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.