თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. აქციის ორი მონაწილე დაშავდა პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენებისას, განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
ერთ-ერთ მომიტინგეს დაუზიანდა თვალი, ხოლო მეორეს, პარტია „გირჩის“ წევრს, ხელისა და სახის ძვლის მოტეხილობა აქვს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინციდენტები მის გვერდით მოხდა. წყლის ჭავლი ერთ ადამიანს პირდაპირ თვალში მოხვდა, თუმცა, როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, მას თვალი შეუნარჩუნდება.
სანამ წყლის ჭავლსა და სპეცრაზმის ძალებს გამოიყენებდა, შსს-მ მომიტინგეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ პარლამენტის შესასვლელების ტერიტორია, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
ამ დროისთვის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 18 ადამიანია დაკავებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.
ოპოზიციისა და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და დანაპირებს შეასრულებენ – დეპუტატებს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მუშაობაში შეუშლიან ხელს. დანარჩენმა დეპუტატებმა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო ბოიკოტი გამოაცხადეს.
რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი მუნიციპალურმა სამსახურმა გაწმინდა. აღებულია გუშინ დადგმული კარვებიც.
საპროტესტო ტალღა თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები ჩააგდო, რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.