შეწყალების ახალი წესი: დადგინდა დანაშაულის ჩამდენთა შეწყალების კრიტერიუმები

© photo: Sputnikსაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ამ სფეროს სპეციალისტებთან.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

„შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.  
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე: შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა

უწყების ცნობით, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. 2021 წლის 1 იანვრამდე კი ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. 

შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ამ სფეროს სპეციალისტებთან. შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია. 

არსებული კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც მოიხადა სასჯელის ვადის ნახევარზე მეტი, ვინც გასამართლებული იყო ორი ან მეტი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე მეტი; ასევე პირს, რომელმაც მოიხადა ვადის 1/3, გასამართლებული იყო ერთი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე ნაკლები.

ყველა ახალი ამბავი
0