თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „გირჩის“ პერფორმანსს რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფის უგემოვნო მცდელობას უწოდებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეს რწმენასა და ეკლესიას შეუერაცხყოფს.
„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს მათგან არც უნდა ველოდეთ არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. აქტივისტებს ხელში სანთლები და „ხატები” ეჭირათ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული და სიმღერა „ვხედავ მეცვხარეს“ შეასრულეს.
აქტივისტების თქმით, ინსპირაცია „ბერი ნარიმანის მრევლი იყო“ და ამ ფორმით მათ ცოცხალი ადამიანის გაფეტიშება გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მისი მხარდამჭერები ღმერთად აღიქვამენ და ეს მათთვის მიუღებელია.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს >>
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.