საბავშვო ევროვიზია 2019: ქართველმა კონკურსანტმა პირველი რეპეტიცია გაიარა – ვიდეო

© photo: Eurovision Georgia / FBგიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალურ შოუზე როსტიაშვილი მეექვსე ნომრად წარდგება, გიორგის კონკურენციას 18 ქვეყნის წარმომადგენელი გაუწევს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, „გლივიცა არენას“ (Arena Gliwice) სცენაზე უკვე პირველი რეპეტიცია გაიარა.

გიორგიმ თავისი ძალები მოსინჯა მთავარი გამოსვლის წინ საკონცერტო დარბაზის სცენაზე, რომელიც 17 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. როსტიაშვილი თავის სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love) 24 ნოემბერს შეასრულებს.

ფინალურ შოუზე როსტიაშვილი მეექვსე ნომრად წარდგება, გიორგის კონკურენციას 18 ქვეყნის წარმომადგენელი გაუწევს.

„ბავშვისთვის კი არა, ჩემთვისაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. რეპეტიციამ ნორმალურად ჩაიარა, იყო, რა თქმა უნდა, მცირე ხარვეზები ჟღერადობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ყველაფერი მიმოვიხილეთ და ახლა მომდევნო რეპეტიციას ველოდებით“, – უამბო ჟურნალისტებს გიორგის ვოკალის მასწავლებელმა ნინო ჩაჩავამ. მან ასევე აღნიშნა, რომ როსტიაშვილის გამოსვლით ძალიან კმაყოფილია.

ნომრის სცენიურ გაფორმებაზე იმუშავა რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა, რომელიც ასევე გიორგის საკონკურსო სიმღერის კლიპის ავტორია. მანაც აღნიშნა, რომ მთლიანობაში პირველმა რეპეტიციამ კარგად ჩაიარა.

რა ვიცით გიორგი როსტიაშვილის შესახებ?

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე" გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას უკვე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობდნენ, რაც ძალიან სიამოვნებდა.

გიორგი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან განიცდის, რომ მუტაციის პერიოდში ხმა შეეცვლება, გარდა ამისა, მასზე ძალიან მოქმედებს მაყურებლის უყურადღებობა. თუმცა, მისი თქმით, ახლა ის უკვე გრძნობს მსმენელის დიდ სიყვარულს.

გასულ წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0