თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ 1-8 დეკემბერს მეოცედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი – წელს ჩვენება გაიხსნება ბრიტანელი და ამერიკელი რეჟისორის, ტრილერის ოსტატის ალფრედ ჰიჩკოკის 1929 წლის ფილმით „შანტაჟი“.
„შანტაჟი“ ნაწილია პროგრამისა „ბრიტანული სეზონი“, რომელიც კინოფორუმზე დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება. ამ პროგრამაში მაყურებელს ექნება საშუალება ნახოს როგორც კლასიკური, ისე ახალი ბრიტანული ფილმები.
აღსანიშნავია, რომ ჰიჩკოკის ფილმს „შანტაჟი“ მუსიკალურ აკომპანემენტს გაუწევს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. ორგანიზატორების თქმით, ჩვენებას ასევე დაესწრება ბრიტანელი კომპოზიტორი და დრამატურგი ნილ ბრენდი. გარდა იმისა, რომ ბრენდი ლონდონის ეროვნულ კინოთეატრში მუნჯი კინოს მუდმივი კონცერტმაისტერია, ის 1920-იანი წლების რესტავრირებული ფილმებისთვის ახალ პარტიტურებსაც წერს.
გარდა ამისა, ბრისტოლის მოკლემეტრაჟიანი კინოსა და ანიმაციის კინოფესტივალთან (Encounters) თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 90-წამიანი ფილმების კონკურსი DepicT!
ვენეციის ფესტივალზე ქართული ფილმ „ბოროტმოქმედის” პრემიერა გაიმართა >>
კონკურსის მიზანია ახალი რეჟისორების აღმოჩენა, რომლებიც ორიგინალობით და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსის გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.
წელს თბილისის კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს. ჯილდოები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. კონკურსს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰეიზერ სტიუარტი.
მაყურებელი ფესტივალზე იხილავს ასამდე ფილმს, რომლებიც იქნება წარმოდგენილი სექციებში: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები“.
კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრომეთეს საპატიო სტატუეტი გადაეცემათ კინორეჟისორ კარლოს რეიგადასს და სცენარისტსა და რეჟისორს ირაკლი კვირიკაძეს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მეოცედ ატარებს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.