თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო მიმდინარეობს, მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ლაშა ჭიღლაძემ პროტესტის ნიშნად საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. საბედნიეროდ, მას ხელი შეუშალეს. ინციდენტის შემდეგ ჭიღლაძე პოლიციამ ადგილიდან განარიდა.
აღსანიშნავია, რომ ჭიღლაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც თავის განზრახვაზე წერდა.
„ვაპირებ საწვავი გადავისხა. ესენი უნდა გავაბანძო უარესად... ამას გავაკეთებ ლაივში. როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ“, - წერს ჭიღლაძე.
საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლო გახდა, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 37 მოქალაქის საქმეები იხილება.
ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე იხილავს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობის 24-საათიანი ვადა უკვე ამოიწურა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დაკავებულებს თავისუფლება უკანონოდ ეზღუდებათ. დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და სხვები.
თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.