თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ფოთში 70 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ნაჯახით დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შემთხვევა ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილობრივების განცხადებით, 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.
დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ნიკა ლატარია