სპეცრაზმი პარლამენტთან მიტინგს შლის: წუთობრივად განახლებადი რეპორტაჟი ადგილიდან

© Sputnik / Alex Shlamovსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე უკვე გამოჩნდა დასუფთავების სამსახური, რომელმაც გამზირის ნარჩენებისგან გაწმენდა დაიწყო.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ამ წუთებში სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ავიწროებს, რომლებსაც ხელები აწეული აქვთ.   

ვითარება შედარებით დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან. 

პარალელურად სამაშველო სამსახური ცდილობს სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ჩაჭრას რკინის ბოქლომები, რომლებიც დემონსტრანტებმა გუშინ დაადეს პარლამენტის შესასვლელებს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენება.  

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ცდილობს გაათავისუფლოს შესასვლელი პარლამენტში, რათა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობის გაგრძელება შეძლოს. 

მომიტინგეები ასფალტზე დაწვნენ, ისმის შეძახილები „წადი!“

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებზე წყლის ჭავლი მიუშვეს. 

პირდაპირი ეთერით გადაცემულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა უკან დახევა დაიწყეს. პარალელურად სამართალდამცველებმა, როგორც ჩანს, დაკავებები დაიწყეს. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, როგორ გაჰყავთ მათ ადამიანები შეკრების ადგილიდან. 

სპეცრაზმი ცდილობს გაარღვიოს აქციის მონაწილეთა მიერ მოწყობილი კორდონი. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება დღევანდელი ქმედებით ხალხის ნების გადათელვას ცდილობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის უკანა შესასვლელი ამ დროისთვის უკვე მთლიანად გაწმენდილია. 

ამ დროისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ აცხადებს, რომ დაკავებულია ათამდე ადამიანი. 

სასწრაფო დახმარების მანქანებს დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ, თუმცა უცნობია, რამდენად მძიმე დაზიანებები აქვთ მათ მიღებული. 

პოლიცია ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი. 

სპეცდანიშნულების რაზმი უკვე მიუახლოვდა პარლამენტს რუსთაველის გამზირის მხრიდან, სადაც ისევ რჩებიან დემონსტრანტები და გაშლილია კარვები.  

პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანების გამოყენება ამ ლოკაციაზეც დაიწყო. 

სპეცრაზმის მოქმედების პრინციპი ამ დროისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაწევა და პროსპექტიდან მომიტინგეების გაწევაა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, მისთვის ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე ძვირფასია და მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში ბიბლიოთეკას შეაფარონ თავი. 

გარდა ამისა, ღიაა ქაშუეთის ეკლესია, სადაც ასევე შეუძლიათ შესვლა თავშესაფრის მაძიებლებს. 

„TV პირველის“ მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულები არიან „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი იმედა კლდიაშვილი. გარდა ამისა, დაკავშებულთა შორის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი. ვრცელდება ინფორმაცია გიგა მაქარაშვილის დაკავებაზეც.

ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურმა გამზირის გაწმენდა დაიწყო. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპატრულო პოლიციის კორდონი დგას, რომლებსაც, ფაქტობრივად, დაკავებული აქვთ ტერიტორია.

ყველა ახალი ამბავი
0