თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ფრანგმა პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზისა და კვამლის შაშხანებით დაშალეს „ყვითელი ჟილეტების“ აქცია პარიზის გარეუბანში, იუწყება მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო გასული, რომლებიც დილიდან ცდილობდნენ გადაეკეტათ მოძრაობა და რამდენჯერმე შეტაკებაც მოუხდათ სამართალდამცველებთან.
პოლიციამ მოუწოდა დემონსტრანტებს, დაშლილიყვნენ, პარალელურად კი ცდილობდა, არ გაეშვა ისინი ქალაქის ქუჩებისკენ.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია 16 ადამიანი.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მოსალოდნელი საპროტესტო აქციის გამო, პარიზის მეტროს ოცამდე სადგური და ასევე ელექტრომატარებლების მოძრაობა გადაკეტილი იყო. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ავტობუსების მოძრაობასაც ორმოცდაათზე მეტ მარშრუტზე.
არსებული ინფორმაციით, 16- და 17 ნოემბერს დაგეგმილი აქციები საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ერთ წლისთავს ეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც საწვავზე ფასების ზრდასა და ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას აპროტესტებდნენ, პარიზში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ხელსუფლებამ საწვავის ფასების ზრდაზე მორატორიუმი გამოაცხადა, „ყვითელმა ჟილეტებმა“ მოთხოვნები კიდევ მეტად გაამძაფრეს და პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მთელი წლის განმავლობაში პერმანენტულად იმართება და მას ხშირად თან ახლავს არეულობა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.