31 წლის ასაკში, ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძეს ცხოვრებაშიც და კარიერაშიც ახალი ეტაპი აქვს. მისი რამდენიმეწლიანი ქორწინება ერთი წლის წინ თეო ყურაშვილთან განქორწინებით დასრულდა. 6 წლის თავზე კი, აღარც საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ მიჰყავს.
მისთვის ერთ-ერთი ახალი გამოწვევა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობაც იყო. როგორც თავად ამბობს, აქამდე არასოდეს უცეკვია, თუმცა პროექტში მონაწილეობას დათანხმდა, რადგან სიახლე სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საკმაოდ მალე დატოვა, გული არ დაწყვეტია. ამბობს, რომ იმ დროს შვილებთან ურთიერთობაში გამოიყენებს - თორნიკეს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს.
თორნიკე ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაბარგდა და როგორც ჩანს, სწორედ იქ იპოვა გულისწორი. მისი რჩეული, როგორც სოციალური გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ხდება ცნობილი, ჟურნალისტი სოფო დონაძეა, რომელსაც ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს.
ჟურნალისტი სოფო დონაძე, პროექტიდან „ყველაზე ძლიერი“, მაყურებელმა სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გაიცნო. ერთ-ერთი ყველაზე პატარა, სიფრიფანა, ლამაზი გოგოს მიმართ, როგორც სოფო ამბობს, ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა, მან სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ბევრი რამ დაუმტკიცა.
„ჩემთვის მთავარია, კაცი ჯენტლმენი იყოს. გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მთავარია, ის შემდგარი ტიპაჟი იყოს – ხასიათით, ქცევებითა და პროფესიით“, - ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.
რაც შეეხება ქორწინებას, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ქორწინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. „ქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ. ოჯახი ძალიან კარგი რამაა და თუ იპოვი მეორე ნახევარს, ვისთანაც გინდა იცხოვრო, ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არაფერია, მაგრამ ქორწილი და ის ყველაფრი, რაც მას ახლავს, მგონია, რომ ჩვენი მოგონილია. ჩემთვის ეს ყველაფერი ზედმეტია და სიყვარულს ფურცლები არ სჭირდება. როცა გიყვარს, რა საჭიროა ბეჭდები და საბუთები?!“, - ამბობს სოფო. ჯერჯერობით წყვილს ურთიერთობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.