თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფომ გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ 14,4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აუქციონის შედეგებით, ელექტროსადგურის 100%-იანი წილი „საქართველოს ქარის კომპანიის“ ხელში გადავიდა, რომლის მფლობელიც სააქციო საზოგადოება „კაპიტალ საქართველოა“.
ობიექტის საწყისი ღირებულება 14,25 მლნ დოლარი იყო. აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადდა.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. დღეისთვის საქართველოში ერთი ქარის სადგური „ქართლი“ მუშაობს, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.
სადგური ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა, ხოლო როგორც კვალიფიციური საწარმო 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.
სადგურის მშენებლობაზე სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 24 მლნ დოლარის ფარგლებში.
როგორც ადრე ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, 2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ხუთი ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება. კვლევების თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლის ბოლოსთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ქვეყანაში 2016-დან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.